ენმ-ს დეპუტატზე თავდასხმა - გლდანელი "პუშკინა" ისევ ხელშეუხებელია

10.10.23 14:59
ენმ-ს დეპუტატზე თავდასხმა - გლდანელი "პუშკინა" ისევ ხელშეუხებელია

გლდანელი "პუშკინა" ისევ ხელშეუხებელია - ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმის მიუხედავად, ის გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. არადა მის წინააღმდეგ  პირდაპირი მტკიცებულებები " შაბათის ეთერმა"  ჯერ კიდევ 10 დღის წინ გაასაჯაროვა. 

"პირველების" კითხვაზე, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე, მჭედლიშვილი გვპასუხობს: "კიდევ თქვენ ხართ? მეტი საქმე არ გაქვთ?"

"პუშკინა", იგივე გიორგი მჭედლიშვილი იმ ავტომობილს მართავდა, რომელიც ირაკლი ეძგვერაძეზე დაჯახებას ცდილობდა და რომელიც რამდენიმეწამიანი უწყვეტ კადრში ჩანს.

მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე  საგამოძიებო უწყებამ საჭიროდ  არც  "ოცნების" წევრი საკრებულოს დეპუტატების დაბარება მიიჩნია, მათ შორის უწყებაში არ მისულა კოტე ზარნაძე, გლდანის მაჟორიტარი, რომელსაც ოპოზიცია თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

"შაბათის ეთერის" გუნდმა მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც გლდანში ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილ სისხლიან ანგარიშსწორებას ასახავს. კადრები ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული და მასში ჩანს, რომ ავტოფარეხში, სადაც საკრებულოს წევრს სავარჯიშო დარბაზი აქვს მოწყობილი, დეპუტატ ეძგვერაძესა და მის მეგობრებს, ოცზე  მეტი თავდამსხმელი ფიზიკურად უსწორდება, რამდენიმე წუთში ავტოფარეხიდან პროცესები ეზოში ინაცვლებს, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ბანდა, ცივი იარაღით ხელში, გადარჩენის მიზნით, ტერიტორიას გარიდებულ პირებს მისდევს.

თავდასხმის პოლიტიკური მოტივი, ვიდეოჩანაწერიდანვე დგინდება, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა და მისი დაჯგუფება, ხმამაღლა ყვირის, რომ ირაკლი ეძგვერაძეს თავს მხოლოდ იმის გამო დაესხნენ რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

 

მსგავსი სიახლეები