გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 17 ოქტომბერს გაიმართება - რა თქვეს მოწმე პოლიციელებმა დღევანდელ სხდომაზე

10.10.23 15:28
გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 17 ოქტომბერს გაიმართება - რა თქვეს მოწმე პოლიციელებმა დღევანდელ სხდომაზე

ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი 17 ოქტომბერს გაიმართება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე პოლიციელი დაკითხეს. ერთ-ერთი სამართალდამცველის თქმით, მან დაინახა, რომ პოლიციელების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ლაზარე გრიგორიადისმა ისროლა.

ბრალდების მხარის მოწმე ამტკიცებს, რომ გრიგორიადისი მისგან 5-7 მეტრის რადიუსში იდგა. პოლიციელის თქმით, ლაზარეს ნიღაბი ეკეთა, თუმცა, ის ერთ მომენტში ჩამოწია და სახეზე ხელი მოისვა, რა დროსაც, მისივე განცხადებით, ლაზარეს სახის დანახვა შეძლო. პოლიციელმა თქვა, რომ იმ დროს, ლაზარე გრიგორიადისს მწვანე ქურთუკი ეცვა და, სავარაუდოდ, იასამნისფერი "კაპიუშონი" ეხურა. მოწმის მტკიცებით, მან ლაზარეს ამოცნობა შავი წარბებით, მუქი თმით, თხელი ლოყებითა და ტუჩებით შეძლო.

მოწმე პოლიციელის თქმით, მოლოტოვის კოქტეილის დავარდნის შემდეგ, ერთ-ერთ პოლიციელს ცეცხლი მოეკიდა. ბრალდების მოწმე აცხადებს, რომ მან ზუსტად არ იცის, თუ ვინ იყო ეს სამართალდამცველი, თუმცა, ამბობს, რომ მას "ფორმა ეცვა".

პოლიციელმა პროცესზე თქვა, რომ მან ლაზარე გრიგორიადისის დაკავება მაშინვე სცადა, მაგრამ ამბობს, რომ ის ხალხის მასას შეერია და დაკავება ვეღარ მოახერხა.

ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე პოლიციელის თქმით კი, დაინახა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მანქანას ცეცხლი წაუკიდა. ის ამბობს, რომ ამისთვის ლაზარემ, სავარაუდოდ, სანთებელა გამოიყენა. მეორე პოლიციელის მსგავსად, მანაც თქვა, რომ გრიგორიადისმა ნიღაბი მოიხსნა და სახეზე ხელი მოისვა. მოწმე ამტკიცებს, რომ მან ლაზარე 10 მეტრის მოშორებით დაინახა.

მსგავსი სიახლეები