ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა "ოცნებას" - მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ არგუმენტირებული ნაბიჯები ექნებათ
ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა "ქართულ ოცნებას" - მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ისინი თითოეულ რეკომენდაციას განიხილავენ და არგუმენტირებული ნაბიჯები ექნებათ.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „საქართველოს დღეს ბევრად უფრო თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული სასამართლო აქვს, ვიდრე 10 წლის წინ:
„დღეს რომ სასამართლო სისტემა შეუდარებლად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელია, ეს ჩანს მონაცემებში, საერთაშორისო ინდიკატორებსა და მიმდინარე სტატისტიკაში, სადაც არის ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის მოგებულ დავებში, სადაც ყველა რეზონანსულ, მაღალი ინტერესის საქმეზე ჩვენი, ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სტრასბურგმა პრაქტიკულად დაადასტურა. არაერთი ასეთი საქმეა, რომლის გამოც სასამართლოს წლების განმავლობაში სრულიად უსამართლოდ აკრიტიკებდნენ და შემდეგ ბოდიში არ მოუხდია სასამართლო სისტემის არცერთ ოპონენტს, ამიტომ, უპირველესად მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს პროგრესი. მოხდეს ამ მიღწევების ინსტიტუციონალიზაცია და ასევე, არ დავუშვათ პოლიტიკური ჩარევა სასამართლო სისტემაში, რისი მცდელობებიც ჩვენი ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ იყო. რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, როგორც ყოველთვის ჩვენ მას, რა თქმა უნდა, სერიოზულად, დიდი ინტერესით და ყურადღებით მოვეკიდებით, განვიხილავთ თითოეულ რეკომენდაციას და ჩვენი არგუმენტირებული ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით გვექნება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მძიმე პასუხი ვენეციის კომისიისგან "ქართულ ოცნებას" - სასამართლოს რეფორმაზე ვენეციის კომისიის ახალი დასკვნა ცნობილია.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე ვენეციის კომისია პირდაპირ წერს, რომ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია.
მთავარ გადაუჭრელ საკითხად ვენეციის კომისია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი რეფორმას ასახელებს.
კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე სასამართლო რეფორმა დაიწყოს.
სასამართლოს რეფორმა ევროკავშირის 12-დან ერთ-ერთი წინაპირობაა.