"წამოკნავლება", " არაფრისმთქმელი" - "ოცნება" ოჩამჩირეში რუსული ბაზის გახსნის შესახებ რეზოლუციას მხარს არ დაუჭერს

10.10.23 16:06
"წამოკნავლება", " არაფრისმთქმელი" - "ოცნება" ოჩამჩირეში რუსული ბაზის გახსნის შესახებ რეზოლუციას მხარს არ დაუჭერს

„ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის შესახებ რეზოლუციას მხარს არ დაუჭერს. რეზოლუციის პროექტი პარტია „საქართველოსთვის" წევრებმა და თეონა აქუბარდიამ მას შემდეგ მოამზადეს, რაც ცნობილი გახდა, რომ პუტინი ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებას აპირებს.

მმართველი პარტიის დეპუტატები ოპოზიციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას "არაფრისმთქმელად" მოიხსენიებენ. გიორგი ვოლსკის თქმით, ოპონენტები საქმის კურსში არ არიან და მხოლოდ განცხადებებს აკეთებენ.

ამის უკან არაფერი არ დგას ცარიელი განცხადებების გარდა, წამოკნავლება რაღაც თემასთან დაკავშირებით, როდესაც საქმის კურსში საერთოდ არ ხარ, არის არასწორი, სიღრმისეულად არის საკითხი შესასწავლი და გაცილებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე რაღაც არაფრისმთქმელი რეზოლუციის მიღება,“ - ამბობს ვოლსკი.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საკითხზე მსჯელობაა საჭირო და არ იცის, რამდენად სწორია ამ შინაარსის ტექსტის მიღება. 

ოკუპაციის ყოველ მომდევნო ფაქტთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება, განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. რასაკვირველია, ისიც მესმის, რომ ოჩამჩირის ამბავი შემთხვევითი არ არის, სტანდარტული და მიმდინარე ამბავი და განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს, მაგრამ არის თუ არა რეზოლუცია, განსაკუთრებით, ასეთი ტექსტით რელევანტური ფორმა ამაზე რეაგირების გამოხატვისა, ამაში დარწმუნებული არ გახლავართ,“ - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
 

მსგავსი სიახლეები