"რუსეთს მეორე ფრონტი გადმოაქვს", "ცდილობს ომში ჩართვას" - ოპოზიცია "ოცნებას" რეზოლუციის მხარდაჭერას ურჩევს
რუსეთის განზრახვა ოჩამჩირეში და რეზოლუცია საქართველოს პარლამენტში - ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნას გეგმავს და ამაზე საქართველოს მთავრობას რეაგირება არ აქვს და მხოლოდ პრესსამსახურის მხრიდან გავრცელებული განცხადებით შემოიფარგლებიან, ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ პარლამენტი უნდა გააქტიურდეს ანტისაოკუპაციო აქტივობებით.
როგორც რეზოლუციის ავტორები ამბობენ, ფაქტობრივად, რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მეორე ფრონტი გახსნა და ამაზე სათანადო რეაგირება საქართველოს მთავრობას არ აქვს.
როდესაც რუსეთს გადმოაქვს მეორე ფრონტი, ყოველ შემთხვევაში, ამ შესაძლებლობას ღიად აცხადებს და შეშინებული „ქართული ოცნება“ ვერ ბედავს, რომ პრესის დეპარტამენტის იქით მინისტრის განცხადება მაინც მოვისმინოთ და პარლამენტის რეზოლუციის მიღების საკითხთან დაკავშირებით რაღაც სისულელეებს გვეუბნება, ეს არის კაპიტულაციის აქტი,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი თვლის, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოს ომში ჩართვას ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის გახსნით ცდილობს, საქართველოს მთავრობა რამდენიმე მიმართულებით უნდა გააქტიურდეს.
ფაქტობრივად, რუსეთის ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ერთი, ქვეყნის შიდა კონსოლიდაცია, მათ შორის პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია. მეორე, მთავრობისთვის კონკრეტული დავლებების მიცემა, რომ გეგმა გვითხრას, როგორ მოქმედებენ ამ საფრთხეების გასამკლავებლად და მესამე, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.
ნაცვლად იმისა, რომ ამას სპეკულაციური უძახონ, კეთილი ინებონ, ჩვენს პარტნიორებს მტრებს ნუ უწოდებენ, მათთან მჭიდრო კომუნიკაცია დაამყარონ,“ - ამბობს დაუშვილი.