ორბანის ვიზიტი საქართველოში - უნგრეთის პრემიერი ოპოზიციასთან შეხვედრას არ განიხილავს
ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე უნგრეთის პრემიერი თბილისში ჩამოვიდა. ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა ორბანი რომელიც პუტინს სამხედრო დამნაშავედ არ მიიჩნევს მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
ორბანის გეგმებში ოპოზიციასთან საუბარი არ შედის. ანტიდასავლური განწყობებით გამორჩეული ლიდერის ვიზიტი კი ღარიბაშვილის ხელისუფლების განცხადებით, სტატუსის მიღების წინ მნიშვნელოვანი მოვლენაა.
პრემიერი ორბანი ზოგად როგორც უნგრეთის რესპუბლიკა გამორჩეული მეგობარია ჩვენი ქვეყნისა საქართველოსი, მისი კარგი გაგებით ლობისტია ევროსტრუქტურებში, დამხმარეა, როგორც რჩევის მიცემაში ისე მხარდაჭერის მიმართულებითად, ამიტომ ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი უნგრელი კოლეგების განსაკუთრებით პრემიერ ორბანის ძალისხმევას. ამგვარი ვიზიტების ახლა ამ პერიოდში განხორციელება ჩვენი ევროპული მომავლისთვის მე ვფიქრობ არის უმნიშვნელოვანესი საქმე", - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, უნგრეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს, ამიტომ ორბანის ვიზიტი საქართველოს დადებითად წაადგება. მაჭარაშვილი ამბობს, რომ ამ მოვლენის გამო ოპოზიციურ გუნდებს "გლოვა აქვთ გამოცხადებული".
უნგრეთი ყოველთვის იყო ჩვენი მხარდამჭერი ქვეყანა, ეს არის ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ჩვენთვის ასეთი ხმამაღალი საჯარო მხარდაჭერა საქართველოსთან მიმართებაში. ორბანის ვიზიტი მით უფრო წაგვადგება, იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე დღის წინ პრემიერს ევროკავშირის არაერთმა ლიდერმა დაუდასტურა მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით გლოვა აქვთ გამოცხადებული რადიკალურ ოპოზიციაში, მაგრამ არაუშავს მთავარია, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს", - ამბობს პარლამენტის წევრი, "ხალხის ძალა" დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი.