პლენუმის გადაწყვეტილება ქვეყნის ევროპულ იდეაზეც აისახება - ეკა ბესელია

11.10.23 15:51
პლენუმის გადაწყვეტილება ქვეყნის ევროპულ იდეაზეც აისახება - ეკა ბესელია

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოლოდინში - პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია, პლენუმის წევრებს მიმართავს გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ მათგანს აკისრია. 

ბესელია გადაწყვეტილების მიღებამდე კონკრეტული მოსამართლეების ქმედებაზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა მისი თქმით, სამ დღიანი პროცესის მიმდინარეობისას რიგი მოსამართლეების დამოკიდებულებები აშკარად გამოიკვეთა. 

მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი მძიმე იქნება ქვეყნის იმიჯისთვის: 

მე შეგნებულად არ დავიწყებ პერსონალურად არავისზე საუბარს, ჯერ ერთი, ბევრ მათგანთან მრავალი წლის განმავლობაში პროფესიული ურთიერთობა მაკავშირებს და არიან მოსამართლეები, რომლებსაც პატივს ვცემ და მგონია, რომ სახელმწიფოებრივად აზროვნებენ.ამიტომ ძალიან გულდასაწყვეტი იქნება თუ ეს მოლოდინი არ გამართლდება და ძალიან მძიმე იქნება ქვეყნისთვის მათი არასწორი გადაწყვეტილება, ამიტომ მიუხედავად იმისა,რომ დამრჩა კრიტიკული მოსაზრება, ვუსმენდი  ზოგიერთი კითხვის ავტორს და ვიყავი გაოცებული, კითხვითაც და კითხვის დასმის ფორმითაც.

მართალი გითხრათ, ამის მიუხედავად, დასკვნას არ გავაკეთებ, ვიდრე საბოლოოდ სასამართლო არ იტყვის და იქნებ მოიძებნოს იქ  უმრავლესობა მოსამართლეებიდან, რომლებსაც ესმით რას ნიშნავს ქვეყნისთვის ეს პრეცენდენტი რასაც ახლა დაუშვებენ მომავალი პრეზიდენტისთვისაც და მათ შორის, ევროპული იდეისთვისაც",-ამბობს ეკა ბესელია. 

როდის გამოაცხადებს პრეზიდენტის საქმეზე გადაწყვეტილებას პლენუმი? კანონი მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ვადა 14 ოქტომბრამდე აქვთ, თუმცა ეს არასამუშაო დღეა, ამიტომ შესაძლოა, ამ ვადამ 16 ოქტომბრამდე გადაიწიოს. 

არსებობს ვარაუდი, რომ პლენუმი ვადას ბოლომდე გამოიყენებს, რადგან "პირველების" ინფორმაციით, ევა გოცირიძეს, რომელიც ამ საქმის მომხსენებელია, ჯერ დასკვნა არცერთი მოსამართლისთვის არ გადაუგზავნია. 

იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტებით მთავარი კანონი დაარღვია, მოვლენათა ეპიცენტრი, მთავარი საკანონმდებლო ორგანო გახდება. 

 

მსგავსი სიახლეები