პრემიერი ორბანს შეხვდა - აპირებს თუ არა უნგრეთის ლიდერი ევროკავშირთან საქართველოს საკითხზე ვაჭრობას?
ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ ორბანს პირისპირ ხვდება. მთავრობის მეთაურმა უნგრელი კოლეგა ოფიციალური ცერემონიით მიიღო. აპირებს თუ არა უნგრეთის ლიდერი ევროკავშირთან საქართველოს საკითხზე ვაჭრობას - მედიამ ეს კითხვა საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანი არ აპირებს მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას თუ საქართველოს სტატუსს არ მისცემენ, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილმა კითხვას თავი აარიდა, ამიტომ უცნობია მიდის თუ არა ამაზე მსჯელობა საქართველოს მთავრობასა და ვიქტორ ორბანს შორის.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ორმხრივ ფორმატებში შესაბამისი წევრი ქვეყნების მობილიზება. როგორც დარჩიაშვილი ამბობს, ორბანის ვიზიტი ძლიერი გზავნილია საქართველოსთვის, რაც ღირებულ შედეგს მოიტანს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.
ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას და მობილიზებას ჩვენი მეგობრების და პარტნიორების იმ მიმართულებით, რომ ინდივიდუალურად საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება არის ჩვენთვის სტატუსის მონიჭების ინდივიდუალური კონკრეტული ქვეყნის ერთი ხმა, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორმხრივ ფორმატებში შესაბამისი წევრი ქვეყნების მობილიზება. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ჩვენ უნგრეთის და მათ შორის კიდევ სხვა ბევრი ევროკავშირი წევრი ქვეყნების ძალიან ძლიერი და პოზიტიური გზავნილები გვაქვს. ძლიერი სიგნალია ბატონი ორბანის ვიზიტი საქართველოში და ეს ძალიან ღირებულ შედეგს მოიტანს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით", - ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე უნგრეთის პრემიერი თბილისში ჩამოვიდა. ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.