ღარიბაშვილი შეეგუა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ დაბრუნდება, მაგრამ საჯაროდ ვერ აღიარებს - ბიბილოვი
დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ექს-პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი "ოცნებას" აქებს და აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთა მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს.
ბიბილოვი საქართველოს პრემიერზეც საუბრობს და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მართალია უარს არ ამბობს თავის პრეტენზიებზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, თუმცა შეეგუა გარდაუვალს და იცის, რომ ისინი საქართველოს აღარ დაუბრუნდება.
ბიბილოვის თქმით, ღარიბაშვილის მიერ ამის აღიარება კარიერის დასასრული იქნება, რადგან ასეთი ადამიანი მაშინვე გახდება ქართველი ხალხის მტერი.
"საქართველოს ხელისუფლებამ ნათლად განაცხადა, რომ რუსეთს არ თვლის მეგობარ ქვეყნად, არამედ მიიჩნევს მას, ვთქვათ, პარტნიორად. ამასთან, ოფიციალურად, იგივე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უარს არ ამბობს თავის პრეტენზიებზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, თუმცა კარგად იცის, რომ ისინი არასოდეს დაბრუნდებიან. მეჩვენება, რომ ის უკვე შეეგუა გარდაუვალს, მაგრამ ჯერჯერობით არავის აქვს პოლიტიკური ნება საჯაროდ აღიაროს ეს, რადგან ასეთი გადაწყვეტილება ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსისთვის კარიერის დასასრული იქნებოდა. ასეთი ადამიანი მაშინვე გახდება ქართველი ხალხის მტერი. ქართველებს ესმით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მათ არასოდეს დაუბრუნდებიან, მაგრამ მათ ეს მაინც გულწრფელად სურთ", - აღნიშნა ბიბილოვმა.
ბიბილოვი მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა "დაეთანხმოს ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ხელი მოაწეროს მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ" და ასევე "აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი"