არ არის საჭირო არარსებული ბრალდებების მოგონება და კრიტიკული შენიშვნები - ორბანზე დასმულმა კითხვამ "ოცნება" გააღიზიანა
"ქართული ოცნება" ორბანზე კრიტიკულ კითხვებს მედიას კრიტიკით პასუხობს. მმართველ პარტიას არ ესიამოვნა, როცა ჟურნალისტები უნგრეთის პრემიერის გეგმებით დაინტერესდნენ. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ორბანის საქართველოსადმი მხარდაჭერა საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ არ დასვან კითხვა, რატომ არ ჩაჰყავს პრემიერს უნგრელი კოლეგა საოკუპაციო ხაზთან.
მმართველ პარტიაში არ განმარტავენ იმას, თუ რატომ არ მოიქცა ორბანი სხვა ევროპელი ლიდერების მსგავსად და რატომ ჩავიდა საქართველოში მხოლოდ "ქართულ ოცნებასთან" სასაუბროდ.
მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ არ არის საჭირო არარსებული ბრალდებების მოგონება და კრიტიკული შენიშვნები ორბანის წინააღმდეგ.
ჩამოდის ადამიანი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროპული სახელმწიფოს ლიდერი და ამბობს, რომ საქართველოს უპირობოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, შეცდომა იყო შარშან კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობა, ამაზე კარგი რა უნდა გავიგო მისგან და მე მონდომებული უნდა ვიყო აწი კრიტიკული შენიშვნები ვუთხრა ასეთ ადამიანს? ცუდად გამოიყურება ეს ყველაფერი ოპოზიციის მხრიდან. არავინ ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს დაკავებული ორბანის მიმართ კრიტიკული შენიშვნების გამოქვეყნებით. არ არის საჭირო მოგონება არ არსებული ბრალდებებისა ორბანის წინააღმდეგ.
განცხადება, რომელიც უკვე გააკეთა ორბანმა საქართველოსთან მიმართებით წესით ამის მეტი აღარაფერი უნდა გვაინტერესებდეს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, თუ ეს არის პრიორიტეტი, სხვა თუ გვაინტერესებს ამით ნუ ვეცდებით გადავფაროთ მნიშვნელობა. საოკუპაციო ხაზთან მისვლა და ყველაფერი ეს, ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, უამრავ ფაქტორზე და მე არ მგონია ამ შემთხვევაში, რომ თქვენ ასე აპრიორი რაღაცა ბრალდებების მოფიქრების საშუალება და საფუძველი გაგაჩნიათ", - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე.