რუსეთი აცხადებს, რომ შეუძლია შეასრულოს სამშვიდობო როლი ისრაელში და "ესაუბრება ორივე მხარეს"
რუსეთი ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირების დაწყებას აშშ-ს საგარეო პოლიტიკას მიაწერს და პრეტენზიას გამოთქვამს მხარეთა შორის მომლაპარაკებლად ჩართულობაზე.
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვის პრიორიტეტი კონფლიქტის მიმდინარეობისას საკუთარი მოქალაქეების დაცვასთან ერთად, კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებაც იქნება. პესკოვის შეფასებით, ამას ხელს შეუწყობს ის გარემოება, რომ მოსკოვი დაპირისპირების ორივე მხარესთან ინარჩუნებს ურთიერთობას.
პესკოვის თქმით, ჰამასსა და ისრაელს შორის კონფლიქტი, შესაძლოა უფრო მასშტაბურ და დიდ რეგიონულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, თუმცა მიუხედავად უმნიშვნელო წინსვლისა, მოსკოვი მაინც ეცდება საკითხი დიპლომატიური გზებით მოაგვაროს.
სიტუაცია უკიდურესად რთული და იმდენად სახიფათოა, რომ გავრცელების შემთხვევაში ის შესაძლოა არაბულ სამყაროსა და ისრაელს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდოს" – თქვა პესკოვმა.
პესკოვი რუსეთსა და ისრაელს შორის მჭიდრო კავშირზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ ისრაელის ბევრი მოქალაქე ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეა, პარალელურად პუტინი აშშ-ს პალესტინელების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებდა. რუსეთის პრეზიდენტს ისრაელზე თავდასხმის კონტექსტში ჰამასი არ დაუსახელებია.