EU აცხადებს, რომ ღაზაში სურსათზე, წყალსა და მედიკამენტებზე წვდომა უნდა ჰქონდეთ
ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი, თუმცა ეს საერთაშორისო, მათ შორის ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
პიტერ სტანოს თქმით, ღაზის სექტორში მცხოვრებებს უფლება აქვთ, საკვებზე, წყალსა და მედიკამენტებზე ჰქონდეთ წვდომა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავივიწყოთ, რომ ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. მაგრამ, რა თქმა უნდა, მან ეს უნდა გააკეთოს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ეს არის ევროკავშირის ძალიან მკაფიო პოზიცია, რომელიც მეორდება როგორც საჯაროდ, ასევე რეგიონში და ადგილზე პარტნიორებთან ჩვენს ურთიერთობაში," - ამბობს სტანო.
სპიკერის თქმითვე, მუშაობენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დარწმუნდნენ, რომ მძევლები რაც შეიძლება მალე გათავისუფლდებიან. სტანომ ასევე აღნიშნა, რომ ჰამასის ქმედებები ადამიანების გატაცებაზე არა მხოლოდ საერთაშორისო სამართალს, არამედ ყოველგვარ ცივილიზებულ ნორმას ეწინააღმდეგება.
დღეს ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ელექტროენერგიას იქამდე არ აღადგენენ, სანამ მძევლები არ გათავისუფლდებიან.