ორბანის შტურმი დასავლეთზე კახეთიდან - გზავნილები, რომლებმაც ყველას 2012 წლის განცხადებები გაახსენა

12.10.23 20:30
ორბანის შტურმი დასავლეთზე კახეთიდან - გზავნილები, რომლებმაც ყველას 2012 წლის განცხადებები გაახსენა

 

ვიქტორ ორბანმა დასავლეთზე შტურმი კახეთიდან მიიტანა. ერეკლე მეფის სასახლიდან  უნგრეთის პრემიერმა ევროკავშირი გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველო დაჩაგრეს, რადგან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ღარიბაშვილის ანტიდასავლურ რიტორიკას ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერი საქართველოდან აგრძელებს.

რუსეთის მოკავშირე ორბანი საქართველოს სამ დღიანი ვიზიტის შემდეგ ისე დატოვებს, რომ არ შეხვდება არც ოპოზიციას და არც სამოქალაქო სექტორს, არ მოინახულებს საოკუპაციო ხაზს, როგორც ამას სხვა ევროპელი ლიდერები ქვეყანაში ყოფნის დროს აკეთებენ.  საქართველოს ისე დატოვებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპაციაზე არაფერი უთქვამს.  არც მედიასთან გამოჩნდა. 

ბრიფინგი ღარიბაშვილთან ერთად დღეს ისე გამართა, რომ ჟურნალისტებს კითხვების დასმის საშუალება არ ჰქონდათ. სამი დღე უნგრეთის პრემიერმა მხოლოდ მეგობარ ღარიბაშვილთან ერთად გაატარა. დარჩა განცდა, რომ პრემიერის პირადი სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ქვეყანაში.

ორბანის და ღარიბაშვილის დღევანდელმა განცხადებებმა ყველას 2012 წლის განცხადებები გაახსენა - არქივი ინახავს კადრებს, რომელიც ასახავს ორბანის ურთიერთობას მიხეილ სააკაშვილთან. ის ყოფილი პრეზიდენტის ახლო მეგობარი იყო. უფრო მეტიც, 2012 წლის არჩევნებამდე, რამდენიმე დღით ადრე, ის საქართველოში ჩამოვიდა და მოქალაქეებს მოუწოდა, მხარი დაეჭირათ "ნაციონალური მოძრაობისთვის".  დღეს ორბანი ისევე ახლო მეგობარია ირაკლი ღარიბაშვილის, როგორიც იყო სააკაშვილის. დღეს აქებს "ქართულ ოცნებას". საინტერესოა, როდის იყო უფრო გულწრფელი უნგრეთის პრემიერი - დღეს, თუ მაშინ.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.