რობინ დანიგანმა პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა
აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
რობინ დანიგანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია წარმოადგინოს ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი და ელის მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პრეზიდენტთან, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის.
მანამდე ელჩმა რწმუნებათა სიგელი საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცა, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.
რობინ დანიგენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის ელჩს ინფორმაცია მიეწოდა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული.