ისრაელში საქართველოს საელჩოს ვთხოვე დახმარება, რომ წამოვეყვანე, თუმცა დახმარება ვერ მივიღე - ანა ნიკოლაიშვილი

12.10.23 22:12
ისრაელში საქართველოს საელჩოს ვთხოვე დახმარება, რომ წამოვეყვანე, თუმცა დახმარება ვერ მივიღე - ანა ნიკოლაიშვილი

"ისრაელში საქართველოს საელჩოს ვთხოვე დახმარება, რომ წამოვეყვანე, თუმცა დახმარება ვერ მივიღე," - ასე იხსენებს ისრაელში სასწავლებლად წასული არასრულწლოვანი ანა ნიკოლაიშვილი "რეაქციაში" ისრაელში ომის დაწყების პირველ დღეს.

როგორც ანა ნიკოლაიშვილი ამბობს, საელჩო მას და მის მეგობრებს საქართველოში დაბრუნებაში არ დახმარებია, საელჩო მათ ზარებს არც პასუხობდა. სასწავლებლიდან აეროპორტამდეც მხოლოდ რამდენიმეჯერ დარეკვის შემდეგ მიიყვანეს. 

საერთაშორისო სკოლაში ვსწავლობ, იქ ვიყავი - დილის 7-ის ნახევარი იყო, გვეძინა ყველას, როდესაც დაბომბვა დაიწყო. ჩვენი სკოლა ძალიან ორგანიზებული იყო და წუთ ნახევარში ყველა თავშესაფარში ვიყავით, თუმცა დაბომბვის ხმები გვესმოდა, ყველა დაბომბვა ძალიან სტრესული იყო თითოეული ჩვენგანისთვის.
იქიდან წამოვლა მეორე დაბომბვის შემდეგ გადავწყვიტე, ისრაელში საქართველოს საელჩოს ვთხოვე დახმარება, რომ წამოვეყვანე, თუმცა დახმარება ვერ მივიღე. დახმარებაზე უარი არ უთქვამთ, მითხრეს, რომ ბილეთი უნდა ვიყიდო TURKISH AIRLINE-ზე და ტაქსით მივიდე აეროპორტამდე, ეს იყო მათი დახმარება. შემდეგ მამაჩემმა დაურეკა და ამის შემდეგ, უბრალოდ მიმიყვანეს აეროპორტამდე, იქ დამტოვეს, რა დროსაც გაირკვა, რომ 12 საათი უნდა დავლოდებოდი ფრენას, რადგან გადაიდო, კიდევ გადაიდო ამის მერე ფრენა, პრობლემებიც შეგვექმნა აეროპორტში, ვცადეთ დარეკვა საელჩოში, რადგან როგორც არასრულწლოვანს პასუხს არ გვცემდნენ, თუმცა არავინ გვიპასუხა. იქიდან წამოვედი, როცა დედაჩემმა დადო პოსტი ისრაელის ჯგუფში, რომ ორი არასრულწლოვანი ვართ. ის რეისი, რომელზეც საელჩომ დაგვტოვა, 14 საათით გადაიდო და ვერ დაველოდებოდი მაგდენი ხანი, რადგან დაბომბვაც იყო გამოცხადებული. გვესმოდა კიდეც სულ ბომბების ხმები,“ - ამბობს ანა ნიკოლაიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები