40 მუნიციპალიტეტში რეანიმობილი ხელმისაწვდომი არ არის, ქვეყანას მხოლოდ 22 რეანიმობილი ჰყავს - დეკანოიძე

13.10.23 12:20
40 მუნიციპალიტეტში რეანიმობილი ხელმისაწვდომი არ არის, ქვეყანას მხოლოდ 22 რეანიმობილი ჰყავს - დეკანოიძე

რეანიმობილები ყველა მუნიციპალიტეტში - ეს იდეაა ხატია დეკანოიძეს ეკუთვნის. პარლამენტის წევრმა დღეს გაასაჯაროვა კვლევის შედეგები, რომლითაც დადგენილია, რომ ქვეყნის 40-მდე მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების მანქანები არ არის. 

როგორც გაირკვა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ავტომობილები არ ჰყავთ და არც ყიდულობენ,  რადგან ეს საკითხი არც მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. დეკანოიძე ფიქრობს, რომ გაუმართავი ჯანდაცვის სისტემა ქვეყანას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ რეანიმობილები არ არის 40 მუნიციპალიტეტში (ვანი, ზესტაფონი, ჭიათურა, ხელვაჩაური, ხონი, ხობი, მესტია, ჩოხატაური, ქარელი, ქედა, ადიგენი, ასპინძა, წალენჯიხა, დმანისი, წყალტუბო, ნინოწმინდა, დუშეთი, რუსთავი, ხარაგაული, სენაკი, მარტვილი, აბაშა, ტყიბული, ხაშური, წალკა, დედოფლისწყარო, ცაგერი, საგარეჯო, თეთრიწყარო, ლანჩხუთი, დუშეთი, თიანეთი, ახმეტა, ონი, ახალქალაქი, ბორჯომი, კასპი, ჩხოროწყუ, მარნეული, ყვარელი). კვლევის ფარგლებში გაირკვა, რომ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს“ (ე.წ. სასწრაფოს), ქვეყნის მასშტაბით 22 ერთეული რეანიმობილი ჰყავს.

ფაქტია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 22 ერთეული რეანიმობილი არის ძალიან მცირე ქვეყნის მასშტაბიდან და რელიეფიდან გამომდინარე. აღნიშნული 22 ერთეული რეანიმობილიდან, 2021 წელს „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს“ ოთხი მათგანი გადასცა იაპონიის საელჩომ . ასევე ცნობილია, რომ სასწრაფო სამსახურს ,,ჰეიდარ ალიევის ფონდმა’’ 2018 წელს გადასცა ერთი რეანიმობილი, რომელიც განთავსებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტში. 2023 წლის ივლისში ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ლენტეხის მუნიციპალიტეტს აჩუქა ერთი რეანიმობილი. ამ პრობლემას სახელმწიფო უნდა აგვარებდეს და რეგიონებში რეანიმობილების არსებობა ცალკეული კომპანიებისა და პირების კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. მრავალ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა ვერ იღებს დროულ სამედიცინო მომსახურებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. განსაკუთრებით ეს ეხება მაღალმთიან დასახლებებს, სადაც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. გაუმართავი ჯანდაცვის სისტემა სერიოზულ პრობლემას უქმნის მოსახლეობას. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ცხადია, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ ჰყავს რეანიმობილი და საჭიროების შემთხვევაში მისი გამოძახება ხდება სხვა ქალაქიდან. არის შემთხვევები, როდესაც რეანიმობილის ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება, ეს კი უმეტეს შემთხვევაში ფატალურ შედეგს იწვევს. ხშირად ადამიანები თავიანთი ძალებით ცდილობენ ხმა მიაწვდინონ მთავრობას, რომ მოხდეს დროული რეაგირება, რათა აღარ განმეორდეს სავალალო შედეგები”, - ამბობს დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები