აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა გვინდა და არა ვასალური - მაჭარაშვილის გაფრთხილება ახალ ელჩს

13.10.23 12:28
აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა გვინდა და არა ვასალური - მაჭარაშვილის გაფრთხილება ახალ ელჩს

"იმედი გვაქვს, აშშ- ის ელჩი „ხალხის ძალის“ განცხადებებს ყურადღებით გაეცნობა და შეცდომები დაშვებული არ იქნება - სხვა შემთხვევაში საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს", - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილი ამერიკის ახალ ელჩს მიმართავს და აფრთხილებს, რომ "ხალხის ძალის" განცხადებებს ყურადღებით გაეცნოს. დეპუტატის თქმით, ახალმა ელჩმა „მავნე პრაქტიკა“ არ უნდა გააგრძელოს.

ჩვენ გვაინტერესებს, რა იქნება ელჩის პოზიციები ჩამოსვლის შემდეგ. მთავარი არის ის, რომ არ გააგრძელოს მავნე პრაქტიკა, რასაც ჰქვია საქართველოსთან ვასალური დამოკიდებულება და საქართველოს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება. დიდი მოლოდინი და იმედი გვაქვს, რომ წინა ელჩის პრაქტიკას გაეცნობა, ასევე ყურადღებით გაეცნობა „ხალხის ძალის“ განცხადებებს, თუ რა გვქონდა ჩვენ პრობლემა, რადგან ამერიკასთან გვინდა პარტნიორული ურთიერთობა და არა ვასალური დამოკიდებულება. გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ ასეთი შეცდომები არ იქნება დაშვებული, სხვა შემთხვევაში საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ელჩი დეგნანის შემდეგ, ელჩი დენიგენი - ამერიკელი დიპლომატი ჯერ საქართველოში არც კი ჩამოსულა და "ოცნებამ" ის  უკვე ლამის მტრად გამოაცხადა.  ელჩის წინააღმდეგ შეთქმულებების ავტორი ისევ "ხალხის ძალაა",  "ოცნების" რადიკალური ფრთა, რომელმაც რობინ დენიგენი ომის პარტიის წევრად გამოაცხადა. ამტკიცებენ, რომ დიპლომატი, რომელსაც  ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოში ელჩად  აგზავნის, მაიდნის მოვლენებისა და  პრორუსი იანუკოვიჩის რეჟიმის დამხობის ერთ- ერთი სულისჩამდგმელი იყო და იგივე  მიზნები აქვს საქართველოშიც.