ხელისგულზე დევს კონსტიტუციის დარღვევა. ამის არდადგენა სამართლებრივად გააჩენს კითხვას - ოხანაშვილი
"ხელისგულზე დევს კონსტიტუციის დარღვევა. ამის არდადგენა სამართლებრივად გააჩენს კითხვას არამხოლოდ ჩვენი, ნებისმიერი იურისტის მხრიდან" - ამ განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკეთებს. ანრი ოხანაშვილი ფაქტობრივად, მითითებას აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იმპიჩმენტის საქმეზე.
მოსამართლეებმა უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, თუ ასე იხელმძღვანელებენ, სახეზეა კონსტიტუციის დარღვევა", - ამბობს ოხანაშვილი.
დეპუტატს კვლავ იერიში მიაქვს პრეზიდენტის წარმომადგენლებზე, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს იცავდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში.
არავითარი არგუმენტი არ ჰქონდათ, საკითხის მნიშვნელობა რომ დაეკნინებინათ. ის, რაც განხილვას არ უნდა დაქვემდებარებოდა, იმ საკითხებზე გადაჰქონდათ ყურადღება. ეს იყო მარტივი სამართლებრივი კაზუსი, თუმცა, კი ბატონო, საჭირო იყო განხილვა, ჩვენ დავრჩით ბოლომდე, ყველა შეკითხვას ვუპასუხეთ - მათ შეკითხვებს, საკონსტიტუციო სასამართლოს შეკითხვებს. რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას და ეს უნდა დადგინდეს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.