არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევდა, ქართველების გენოციდს საკითხად დააყენებდა - ბოკერია

13.10.23 17:37
არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევდა, ქართველების გენოციდს საკითხად დააყენებდა - ბოკერია

"არ გვყავს ნორმალური ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, როგორც მორალური, ისე პრაგმატული ინტერესით წინ წაწევდა," - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ევროპულ საბჭოში მიღებულ რეზოლუციას, სადაც პუტინი დიქტატორად არის მოხსენიებული.

ბოკერიას თქმით, საქართველოს მთავრობა უნიკალურ შესაძლებლობას ხელიდან უშვებს - მაშინ, როდესაც სხვადასხვა ევროპული ინსტიტუტი რუსეთის აგრესიის შეფასებას ახდენს, ამ დროს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს უნდა ატარებდეს და მთელ მსოფლიოს უნდა შეახსენებდეს, რომ ოკუპანტმა და აგრესორმა ქვეყანამ საქართველოში გენოციდი მოაწყო.

დაგვიანებული, მაგრამ ლოგიკური, ლეგიტიმური და საჭირო პროცესი მიდის თავისუფალი სამყაროს სხვადასხვა ინსტიტუტიდან პუტინის რეჟიმის და ზოგადად, რუსეთის, როგორც ბოროტმოქმედი, ტერორისტული სახელმწიფოს შეფასებისა. ასეთ დროს არ გვყავს ნორმალური ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, როგორც მორალური, ისე პრაგმატული ინტერესით წინ წაწევდა და მაგალითად, საქართველოში ქართველების გენოციდს რუსეთის მხრიდან დააყენებდა როგორც საკითხს, ან ეთნიკურ წმენდას 2008-ში,“ - ამბობს ბოკერია.