თუ სახმელეთო ოპერაცია დაიწყება, ომი ღაზას სექტორში გადავა, შეიძლება მსხვერპლმა იმატოს, ჩვენ მზად ვართ - ექიმი-ანესთეზიოლოგი

13.10.23 18:40
თუ სახმელეთო ოპერაცია დაიწყება, ომი ღაზას სექტორში გადავა, შეიძლება მსხვერპლმა იმატოს, ჩვენ მზად ვართ - ექიმი-ანესთეზიოლოგი

„მედპერსონალს დაგვირიგეს დამცავი ჟილეტები, მშვიდობიან მოქალაქეებსაც ურიგებენ, თუმცა, ყველას არ ყოფნის,“ - ამ განცხადებას „დღის ამბებთან“ აშკელონში მცხოვრები ექიმი-ანესთეზიოლოგი შოთა ნაკაშიძე აკეთებს.

როგორც ნაკაშიძე ამბობს, კლინიკა, სადაც ის ერთი წელია მუშაობს, პირველი იყო, სადაც ომის დაწყების შემდეგ დაჭრილები მიიყვანეს. 
ნაკაშიძის თქმით, მასშტაბური სამხედრო ოპერაციისთვის კლინიკა მზადაა.

დღეს ღამით ან ხვალ დაიწყება, დიდი ალბათობით, სახმელეთო ოპერაცია. შესაბამისად, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ მალევე უნდა დასრულდეს. აშკელონი სამიზნე, დიდი ალბათობით, მალე აღარ იქნება.
თუ ეს სახმელეთო ოპერაცია დაიწყება, ომი გადავა ღაზას ტერიტორიაზე, შეიძლება მსხვერპლმა იმატოს, თუმცა ეს იქნება უკვე ღაზას ტერიტორიაზე და ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები აღარ დაშავდებიან, დიდი ალბათობით, ძირითადად ჯარისკაცები და პირდაპირი შეტაკებები რაც იქნება,“ - ამბობს შოთა ნაკაშიძე

კლინიკა, სადაც ნაკაშიძე მუშაობს, ღაზას სექტორთან ახლოსაა. ექიმი-ანესთეზიოლოგი ამბობს, რომ ისინი მძიმედ დაჭრილ პაციენტებს მკურნალობენ და თუ ახერხებენ, დაჭრილ პაციენტებს სხვა ქალაქში უშვებენ სამკურნალოდ. 

ჩვენი ჰოსპიტალი ყველაზე დიდია ღაზას სექტორთან ყველაზე ახლოს, დაახლოებით 12 კმ-ია დაშორება. სრულიად გადავედით სამხედრო ჰოსპიტალის ფუნქციონირებაზე. შესაბამისად, პირველადი დაჭრილი პაციენტები მოდიან ჩვენთან, თუმცა, თუ პაციენტს აქვს დრო, რომ გავუშვათ სხვა კლინიკაში, ვუშვებთ, რადგან ჩვენ მაქსიმალურად ვიღებთ იმ პაციენტებს, ვისაც ნაკლები დრო აქვთ და სწრაფი ჩარევა სჭირდებათ. გამოცდილება გვაქვს, რომ შაბათი და კვირა იყო ძალიან მძიმე დღე, რადგან ადგილები გადაჭედა და პრობლემა იქმნებოდა, თუმცა ყველაფრის ორგანიზება სწრაფადვე მოხდა,“ - ამბობს შოთა ნაკაშიძე.

ნაკაშიძე ომის დაწყების პირველ ღამეს იხსენებს და ჰყვება, რომ შაბათი და კვირა ყველაზე მძიმე დღე იყო. 

შაბათს გამთენიისას დაიწყო, სწრაფადვე დაგვირეკეს და სწრაფადვე მივედით კლინიკაში. გვესმოდა განგაშის სიგნალები, თუმცა აუცილებელი იყო მისვლა და მივედით. შაბათი და კვირა იყო ძალიან მძიმე დღე, რადგან განუწყვეტლივ იყო, ძირითადად, ჯარისკაცების შემოყვანა, მშვიდობიანი მოქალაქეებიც იყვნენ, მძიმე დღე იყო, შესვენების გარეშე ვმუშაობდით,“ - ამბობს ნაკაშიძე.