ბულგარეთის პარლამენტი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს

13.10.23 20:29
ბულგარეთის პარლამენტი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს

ბულგარეთის პარლამენტი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების თქმით, შემუშავებული დეკლარაცია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობს.

დეკლარაცია დაინიცირდა ორი ყოფილი პრემიერმინისტრის მიერ. მას მხარი დაუჭირა კოალიციაში შემავალმა ორივე პარტიამ. დეკლარაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,რაც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეფუძნება და რაც ქვეყნის უსაფრთხოების დამატებითი გარანტია იქნება. დოკუმენტში ნათქვამია,რომ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანის ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას უალტერნატივოს ხდის.

დოკუმენტში ბულგარეთის მხარე კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ურყევ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში საქართველოს,როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის როლს. დეკლარაციაში აღნიშნულია,რომ ბულგარეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურ და წარმატებულ მეზობლებს, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში დღეს არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით. ამასთან,ბულგარეთი გამოთქვამს მზაობას,მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე - წერს სამინისტრო.