მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ისრაელში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანა - პაატა მანჯგალაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას მიმართავს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ისრაელში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანა საქართველოში.
მისი თქმით, ნაცვლად იმისა რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს მათი ჩამოყვანა სპეციალური რეისებით, აირზენასთან ერთად ზეკომერციული ფასებით ხალხის ძარცვას ახორციელებს.
“რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ რომ ისრაელი ჩართულია ტერორისტებთან რეალურ ომში და ფაქტობრივად იქ არ არსებობს უსაფრთხო ადგილი. სწორედ ამიტომ ბევრი ქართველი გვიკავშირდება რომ ესაჭიროება დაუყოვნებლივ საქართველოში დაბრუნება და ნაცვლად იმისა რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს მათი ჩამოყვანა სპეციალური რეისებით, აირზენასთან ერთად ახორციელებს ზეკომერციული ფასებით მათ ძარცვას, თან ამ გაბერილი ბილეთის ფასის პირობებშიც კი არ არის ბილეთების საკმარისი რაოდენობა.
უზნეობაა როცა სიცოცხლესა და უსაფრთხოებას უპირისპირდება კომერციული და ფინანსური ინტერესი, სწორედ ეს არის ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობა და დანაშაული. მხოლოდ საკონსულო და საელჩო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.
ჩვენ ვიცით, რომ ისრაელში 90% ზე მეტი ქართველი არ არის საკონსულო აღრიცხვაზე, ისინი განაწილებულები არიან მთელს ტერიტორიაზე და აუცილებელია მათთან მუდმივი კომუნიკაციის ხაზის აწყობა. თუ სპეციალურ რეისებს არ აკეთებს ხწლისუფკება, აუცილებელია არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ ყველასთვის ფიქსირებული, შეღავათიანი ფასის შეთავაზება ბილეთებზე, რადგან დალხენილი ცხოვრებისთვის იქ არავინ წასულა და ფრენისთვის საჭირო ათასობით ლარი უმეტეს მათგანს არ გააჩნია.
მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ისრაელში მცხოვრები ჩვენი იმ მოქალაქეების ჩამოყვანა სამშობლოში რომელთა დაბრუნება უკვე გადაუდებელი აუცილებლობა გახდა” - ამბობს პაატა მანჯგალაძე.