შეიძლება, მოსამართლემ ხელმოწერამდე შეცვალოს პოზიცია - მერაბ ტურავა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ხელს, დაახლოებით, 12:00 საათის შემდეგ მოაწერენ.
მერაბ ტურავას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად მთელი რიგი პროცედურები აქვს ჩასატარებელი.
საგულისხმოა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ფრაზა, სადაც ტურავა ამბობს, რომ შეიძლება, რომელიმე მოსამართლემ ხელმოწერამდე შეცვალოს პოზიცია:
"არსებობს თათბირის საიდუმლოება, რომელიც არავის უნდა გაანდო სანამ მოსამართლეები ხელს არ მოაწერენ გადაწყვეტილებას. შეიძლება, ხელმოწერამდე შეცვალოს პოზიცია. ამ დროისთვის ხელმოწერა არავის აქვს დაფიქსირებული. პროცედურა იქნება 12:00 საათის შემდეგ. სწორედ ამის შემდეგ, ითვლება გადაწყვეტილება მიღებულად"- თქვა ტურავამ.
პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. მერაბ ტურავა და კიდევ რვა მოსამართლე განაჩენს რამდენიმე წუთში გამოაცხადებენ და იტყვიან, დაარღვია თუ არა მოქმედმა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როცა მიშელს, მაკრონს და შტაინმაიერს ევროპაში საქართველოს ევროინტეგრაციაზე ესაუბრა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა.
პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, მოვლენათა ეპიცენტრი საქართველოს პარლამენტი გახდება და "ქართული ოცნება" პრეზიდენტის გადაყენებას შეეცდება.