„მოსწავლეს თმაზე მოქაჩა“ – ქობულეთის სკოლიდან მასწავლებელი გაათავისუფლეს
ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი სკოლიდან დაითხოვეს. ინფორმაციას TV 25.GE ავრცელებს. ირკვევა, რომ მასწავლებლის დათხოვნის მიზეზი ბავშვზე ძალადობაა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ირკვევა, რომ ფაქტის ამსახველი ვიდეო მოსწავლეებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს. მომხდარი სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა.
მანდატურის სამსახურში TV25.GE-ის უთხრეს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დარღვევის აღრიცხვის ფურცელი შედგა, მოსწავლეს კი ფსიქოსოციალური მომსახურება შესთავაზეს.
ცნობისთვის, აღნიშნულ სკოლაში ინციდენტის ეს მეორე შემთხვევაა. ამავე წლის, მაისში, მუსიკის პედაგოგმა მოზარდს თანატოლების წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "მე თქვენ მეზიზღებით, ცხოვრებას გაგიმწარებთ," - ასე მიმართავდა მასწავლებელი მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის დროს.