კობახიძე სალომე ზურაბიშვილს "ფორმალურ" პრეზიდენტს უწოდებს და გადადგომას ურჩევს
"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გახმოვანებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია - ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს.
მეტიც, კობახიძემ მეხუთე პრეზიდენტს "ფორმალური პრეზიდენტი უწოდა".
მწვავე შეფასებისას "ოცნების" ლიდერმა თქვა, რომ "ზურაბიშვილი პრეზიდენტობის ღირსი არ არის და პრეზიდენტმა უღალატა იმ ფიცს, რომელიც ინაუგურაციისას დადო".
ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე, დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას მხოლოდ პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავენ და ახორციელებენ.
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს. მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, ის მყისიერად გადადგებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან. თუმცა, ისიც გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ის ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებიც მას საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ, - თქვა კობახიძემ.