პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს - კობახიძე

16.10.23 15:47
პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს - კობახიძე

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირის ბოლომდე შედგება კენჭისყრა იმპიჩმენტის წესით სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ გააკეთა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და აქედან გამომდინარე, მის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს".

"ოცნების" თავმჯდომარე იმედს იტოვებს, რომ "რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს". 

როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ დასახულ მიზანს - სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დარჩა რეაგირების გარეშე, რასაც მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის გრძელვადიანი პრევენციული ეფექტი ექნება" - თქვა მან. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.