ყველას აკავებენ კეზერაშვილის გარშემო, გარდა კეზერაშვილისა - კობახიძე
"ყველას აკავებენ კეზერაშვილის გარშემო, გარდა კეზერაშვილისა. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კეზერაშვილი „გლობალური ომის“ პარტიას მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს", - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გააკეთა.
როგორც კობახიძე ამბობს, მას აქვს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კეზერაშვილის პარტნიორები დააკავეს, თუმცა ყოფილი თავდაცვის მინისტრი ხელშეუხებელია. ეს კი პარტიის თავმჯდომარეს "გლობალური ომის პარტიის" განზრახვებზე მიანიშნებს.
ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყანაში დააკავეს კეზერაშვილის პარტნიორები და მარჯვენა ხელები. საინტერესო რა არის - ყველას აკავებენ კეზერაშვილის გარშემო, გარდა კეზერაშვილისა. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კეზერაშვილი ვიღაცას, ვგულისხმობ „გლობალური ომის პარტიას“ მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს, კერძოდ, სწორედ მისი ხელით ხდება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება. აქედან გამომდინარე, მას ყველაფერი ეპატიება, ევროპელი პენსიონერების ძარცვაც, საქართველოში ჩადენილი დანაშაულებიც, რადგან მისი ხელით „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, „ენჯეოებს“, მედიასაშუალებებს, ის არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი „გლობალური ომის პარტიის“ ხელში, ამიტომ ყველას აკავებენ მის გარშემო გარდა თავად კეზერაშვილისა, ვიდრე დასჭირდებათ, გამოიყენებენ, იხმარენ, როგორც კი აღარ დაჭირდებათ, შეიძლება გაუყენონ მისი პარტნიორების გზას,“ - განაცხადა კობახიძემ.