პროკურატურა ტვ პირველში შეჭრას არ გეგმავს - ბაია ცანავა

11.03.21 14:22
პროკურატურა ტვ პირველში შეჭრას არ გეგმავს - ბაია ცანავა

პროკურატურის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ბაია ცანავას განმარტებით, საგამოძიებო უწყება ტელეკომპანიაში შეჭრას არ გეგმავს. 

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს ტელვიზიაში შეჭრას, არის სიცრუე.  არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას. ამის დადასტურებას წარმოადგენს  მათთან წინასწარი სატელეფონო კომუნიკაცია და განჩინების მათთვის ფოსტით გაგზავნის ფაქტიც. მსგავსი სახის ინფორმაცია ცალსახად არასწორია – განაცხადა ბაია ცანავამ.

ბაია ცანავა განმარტავს, რომ პროკურატურის მიზანს მხოლოდ საგამოძიებო მასალების დროული მიღება წარმოადგენს, რათა დაიწყოს ჩანაწერების ავთენტურობის გამოკვლევა.

“ტელეკომპანიის დღეს გაჟღერებული პოზიცია, რომ საგამოძიებო ორგანოს ეთერში გასული ჩანაწერები არ მოუთხოვია, წარმოადგენს სასამართლოს განჩინების არასწორ ინტერპრეტაციას, რაც აჭიანურებს გამოძიების მიერ დაგეგმილი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. განვმარტავთ, რომ ელექტრონული ინფორმაცია, მათ შორის აუდიოფაილები, შეიძლება დატანილი იყოს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობაში, როგორიცაა ტელეფონი, დისკი, კომპიუტერი, გარე მყარი დისკი და ა.შ. და კომუნიკაციის მხარეს შეიძლება გადაეცეს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობით”, – აცხადებს ცანავა.

პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ ტვ პირველისგან საგამოძიებო მასალების ამოღების თაობაზე სასამართლოსგან ნებართვა მიიღო.