ადამიანი, რომელიც პარლამენტში ადგილს ყიდულობს, ის ყოველთვის გაყიდის კიდეც - ჭიჭინაძე იმპიჩმენტზე

16.10.23 18:33
ადამიანი, რომელიც პარლამენტში ადგილს ყიდულობს, ის ყოველთვის გაყიდის კიდეც - ჭიჭინაძე იმპიჩმენტზე

"ამასობაში ქართული პოლიტიკა ქარვასლად, ჩარჩების იყიდე-გაყიდე პოლიტიკად იქცა" - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე პრეზიდენტის მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს დიდი პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნიათ, რაც ხელს შეუწყობს მათ მოსყიდვას მატერიალური სარგებლის საფუძველზე.

გაუყიდავი "ოპოზიცია" ქვეყანაში რომ არ გვყავს, ეს დიდი ხანია ფაქტია. აქ და ახლა საუბარი იმაზეა "ქართული ოცნება" ვისთან მოილაპარაკებს უფრო სარფიანად. საუბარია იმაზე, დიდი იყიდოს, თუ პატარა და ზოგადად ვისთან გარიგდეს. და იქცა ამასობაში ქართული პოლიტიკა ქარვასლად, ჩარჩების იყიდე-გაყიდე პოლიტიკად.

ეს ყველაფერი კი ძალიან მარტივად გვარდება, რადგან, დეპუტატების უმრავლესობას, ჩვენს პარლამენტში, დიდი პოლიტიკური ამბიციები არც გააჩნიათ და მხოლოდ მატერიალურ სარგებელზე დარდობენ. ან გასაკვირი რა არის, ადამიანი, რომელიც პარლამენტში ადგილს ყიდულობს, ის ყოველთვის გაყიდის კიდეც.

იმიტომაც ვართ ამ დღეში და იმიტომ არის 150 დეპუტატი დიდი ციფრი ქართული პოლიტიკისთვის. სადაც ეს ჩარჩები არა მარტო ამომრჩეველს, ოპონენტებსაც ყიდულობენ.

ზოგადად კი, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად დარჩენა, ან მისი გადადგომა, არც ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება და არც ხალხის მატერიალურ მდგომარეობაზე. ჩვენი კონსტიტუცია კი, ზუსტად ისე იკითხება როგორი ავტორიც ჰყავს, იმიტომაც აბამენ ყურს, საიდანაც უნდათ იქიდან - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.