დასკვნა ტენდენციურია, სასამართლო შევიდა პოლიტიკურ პროცესში - მაია კოპალეიშვილი

16.10.23 18:11
დასკვნა ტენდენციურია, სასამართლო შევიდა პოლიტიკურ პროცესში - მაია კოპალეიშვილი

"დასკვნა არის ტენდენციური... ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში," - ასე აფასებს პრეზიდენტის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე.

კოპალეიშვილი კრიტიკულად აფასებს საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს და ამბობს, რომ სასამართლომ სრულად ერთი ერთში გადაიტანა სარჩელის ავტორების დასაბუთება. კოპალეიშვილის შეფასებით, სასამართლომ "პოლიტიკურ მიდგომებს ვერ გაუძლო" და ახლა სასამართლო პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილების იმედზეა, რადგან სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანო 100 დეპუტატის ხმის მოგროვებას ვერ შეძლებს.

კოპალეიშვილის შეფასებით, სასამართლო თავის დასკვნაში წინააღმდეგობრივ მსჯელობასაც ავითარებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა კონკრეტულ სადაო გარემოებებთან მიმართებით. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით დასკვნას. 
დასკვნა არის ტენდენციური, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად, ერთი ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, ისე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში, მხოლოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით და პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში, მთლიანად მოაქცია 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტში. საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზეც კი არ შეიწუხა თავი, რომ გარკვეული დიფერენცირება გაეკეთებინა, თუ რა შეიძლება გაეკეთებინა პრეზიდენტს 52-ე მუხლის პირველი პუნქცია "ა" ქვეპუნქტის მიღმა და აქვს თუ არა პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში მინიმალური ურთიერთობის განხორციელების შესაძლებლობა.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში.

საკონსტიტუციო სასამართლოდან მეტს მოველოდი, მქონდა რწმენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დადგებოდა იმაზე უფრო მაღლა, ვიდრე პოლიტიკური მდგენელია ამ საქმეში და მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას სწორედ კონსტიტუციის ნორმების სწორი განმარტების შედეგად და არა იმის შედეგად, რაც შემოგვთავაზა - მარტივი გზა, რომ ყველა საგარეო ურთიერთობის მიმართულებით პრეზიდენტის ყველა საქმიანობა, მათ შორის წერილები, სატელეფონო საუბრები და ა.შ. მოაქცია მთლიანად მთავრობის თანხმობის საჭიროების ქვეშ - რაც სრულიად წარმოუდგენელია, რომ სასამართლო საუბრობდეს იმ ენით, იმ მიზნებით, რაც ამოძრავებდათ კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს. ძალიან რთულია ჩემთვის ამის თქმა, რომ ფაქტია, რომ სასამართლოს შეეძლო მეტი სინათლე შეეტანა საქმეში,“ - ამბობს მაია კოპალეიშვილი.