პრემიერი აშშ-ის ახალ ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და დანიგენმა

16.10.23 19:29
პრემიერი აშშ-ის ახალ ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და დანიგენმა

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ ელჩს, რობინ დანიგენს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილეს და მიმდინარე საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე.

როგორც ადმინისტრაციაში ამბობენ, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რობინ დანიგანმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ყველა მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ძალიან ვაფასებ დღევანდელ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან. მე ვუთხარი პრემიერ მინისტრს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, მდივანი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით – განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქართველი ჯარისკაცები კი ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში, ერაყსა და კოსოვოში. მე ასევე ვუთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ მოუთმენლად ველი მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის წინსვლას. მე მინდა გავაფართოოთ ჩვენი ხალხთაშორისი  და ეკონომიკური ურთიერთობები, ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის  უკეთ გაცნობას", - განაცხადა რობინ დანიგანმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში მარკ ნორდბერგი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი  რევაზ ჯაველიძე.