"ოცნების" ოცნებებს არ გავამართლებ, არსად წავალ - პრეზიდენტი
"ოცნების" ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად წავალ" - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დრო უკვე დამთავრდა, შესაბამისად პრეზიდენტი აღარ გააგრძელებს მმართველი ხელისუფლების ანტიევროპული პოლიტიკის გატარებას.
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს "სამარცხვინო გადაწყვეტილებით" "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში როგორც დემოკრატია, ასევე მომავალი მოკლა, თუმცა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთადერთ ხსნად რჩება.
მე მინდა გაგამხნეოთ და გითხრათ, რომ არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები აქ, რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი, ჩვენი დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს მოკლეს დემოკრატიაც და მომავალიც. ეს არის მცდელობა "ოცნების", მაგრამ "ოცნების" ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. თავად იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა მათთვის. ახლო მომავალი გვეტყვის, სად უფრო გამოვადგები ხალხს, როგორც პრეზიდენტი, თუ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად მივაღწევთ ამ წლის ბოლოს პირველ შედეგს და მომავალი წლის ბოლოს შემდეგი ეტაპი გვექნება გასავლელი. ამ ყველაფერს მივარწევთ და მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს, ნურავინ ნუ დაკარგავს იმედს და ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ერთად - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.