საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივ ველში ვერ დარჩა - მაია კოპალეიშვილი
საკონსტიტუციოში პრეზიდენტის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო სამართლებრივ ველში ვერ დარჩა. ადვოკატის თქმით, მოსამართლეებმა ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია ერთი-ერთში გაიმეორეს და მათთვის მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს
კოპალეიშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გადაწყვეტილების ლეგიტიმაციას.
საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივ ველში ვერ დარჩა და ფაქტობრივად, პოლიტიკურ ველში მოექცა. მან ერთი ერთში გაიმეორა მთლიანად კონსტიტუციური წარდგინების ავტორების ყველა პოზიცია, ყველა პოზიცია გაიზიარა აბსოლუტურად და ამ ჭრილში გააკეთა შემდეგ თავისი დასაბუთება და არასწორი ინტერპრეტაციები გაუკეთა პრეზიდენტის წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებს, დასაბუთებებს და ყველაზე მთავარი - არასწორი ინტერპრეტაციები გაუკეთა თავად კონსტიტუციიც ნორმებს. როდესაც 9-დან 3 მოსამართლეს აქვს განსხვავებული აზრი, იქ ნამდვილად უკვე ეჭვის ქვეშ შეიძლება დადგეს თავად ამ დასკვნის ლეგიტიმაციის საკითხი, რამეთუ, ფაქტობრივად, ერთი მოსამართლის ხმამ გადაწყვიტა, რომ ეს წარდგინება დაკმაყოფილდებოდა თუ არა, - ამბობს კოპალეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. პროცესებმა ახლა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს.