არ წარმოდგენილა მტკიცებულება პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ხელშეშლის შესახებ - მოსამართლეები

17.10.23 12:29
არ წარმოდგენილა მტკიცებულება პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ხელშეშლის შესახებ - მოსამართლეები

პრეზიდენტის იმპიჩმენტი -  ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ვიზიტის შინაარსიდან გამომდინარე უნდა შეეფასებინა, პრეზიდენტი ხომ არ გასცდა სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიულ როლს და არა მხოლოდ ფორმალურად თანხმობის არარსებობა-არსებობის ფაქტი.

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ვიზიტის განხორციელებით საქართველოს კონსტიტუცია შეიძლება დაარღვიოს იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, სცდება მის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიულ ფუნქციებს (შესაძლოა, დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი) ან/და აზიანებს საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელებას (შესაძლოა, დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედების კონსტიტუციასთან შესაბამისობის მსჯელობის წარმართვისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაედგინა არა მხოლოდ ფორმალურად თანხმობის არარსებობა-არსებობის ფაქტი, არამედ, თავად ვიზიტის შინაარსიდან გამომდინარე უნდა შეეფასებინა, სადავოდ მიჩნეული ქმედებებით საქართველოს პრეზიდენტი ხომ არ გასცდა სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიულ როლს ან/და ხომ არ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება.

მოსამართლეები აცხადებენ, რომ არ წარმოდგენილა რაიმე სახის მტკიცებულება პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ხელშეშლის შესახებ.

ვიზიარებთ მსჯელობას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის გარეთ განხორციელებული ქმედებებით შესაძლოა, დააზიანოს საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა. თუმცა, არც წარდგინების ავტორები და არც ჩვენი კოლეგები არ მიუთითებენ, რომ სადავო ვიზიტებით ან/და მის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებებით საქართველოს პრეზიდენტმა რაიმე ფორმით დააზიანა, ხელი შეუშალა საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელებას.  ვთვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ხელშეშლის შესახებ. უფრო მეტიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი არც კი მიუთითებენ, რომ ხსენებულმა სამმა ვიზიტმა ან მის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულმა რომელიმე ქმედებამ საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესი დააზიანა ან/და განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგო იყო.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი - საკონსტიტუციოს დასკვნაზე 3 მოსამართლის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი გამოქვეყნდა.