ზურაბიშვილი უზრდელობს! მოვუწოდებ, თავს ნუ ისაწყლებს - კობახიძე
უფრო ძლიერი სურათისთვის, მე მარტო დავრჩები და თქვენ გარეთ გადითო. მოვუწოდებ მას, რომ თავს ნუ ისაწყლებს, მათ შორის მარტო ჯდომით, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა იუზრდელა.
„ძალიან მარტივი კაზუსი ამოიხსნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. სხვანაირად კეთილსინდისიერი იურისტი უბრალოდ ვერ გააკეთებს. არაფრის იმედი აღარ გვაქვს სალომე ზურაბიშვილისგან, აქ შეიძლება რაღაც ნაკლები ეკადრა, მაგრამ გამოვიდა და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე პირდაპირ თავს დაესხა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. არცერთი არგუმენტი არ უთქვამს, თუ რა არ მოეწონა კონკრეტულად გადაწყვეტილებაში, უხეში ტერმინები გამოიყენა „სირცხვილია“ და ასე შემდეგ. უფრო მეტიც, დეპუტატების მიმართ, ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა. ეს არის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი და ის უზრდელობს. როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ზეპარტიული უნდა იყოს და ნეიტრალური, უზრდელობდეს. ესეც მისი პრობლემაა და საქმე. დადასტურდა, რომ ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას, რადიკალურ ოპოზიციას და ზურაბიშვილს სრული კოორდინაცია აქვთ. საოცარი განცხადება გააკეთა გუშინ, რადიკალურ ოპოზიციას და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა, რომ უფრო ძლიერი სურათისთვის, მე მარტო დავრჩები და თქვენ გარეთ გადითო - ერთად დგამენ „კარწინკას“ სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. მოვუწოდებ მას, რომ თავს ნუ ისაწყლებს, მათ შორის მარტო ჯდომით და ამ სცენარით. კარგად იცის, რომ მისი გადაყენების პერსპექტივა ნულის ტოლია. ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს. ეს ის პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ზურაბიშვილს თავის დროზე აგენტს უწოდებდა“,- აღნიშნა კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ განხილვის დროს პარლამენტში მივა და რომ "პატარა კაცებთან" დასაცავად არავინ სჭირდება. მან ოპოზიციას ურჩია, რომ თუ სურთ ძლიერი სურათი - "გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ".