რას დადიხართ ყოველ შაბათ-კვირას ჩემ სოფელში - ღარიბაშვილი "შაბათის ეთერს"
პრემიერის სკანდალი - ღარიბაშვილი მისი ბიძის, ზურაბ გონაშვილის, იგივე "კაკაშა"-ს მიერ ტაქსის მძღოლის ცემის საქმეზე დასმულმა კითხვებმა გააბრაზა.
მთავრობის მეთაურის თქმით, "შაბათის ეთერის" მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაცია "არასერიოზულია". პრემიერმა "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს უსაყვედურა, რატომ დადიან მის სოფელში და რატომ სვამენ კითხვებს.
"არასერიოზულია, რას დადიხართ ყოველ შაბათ-კვირას ჩემ მშობლიურ სოფელში. არასერიოზულია თქვენი შოუები, სასაცილოა, ყოველ შაბათ კვირას დადიხართ ჩემ სოფელში, რას დადიხართ, რატომ დადიხართ. ნაცემი არ არის ეს მოქალაქე... ტყუილია, თქვენ აკეთებთ რაღაც უაზრო სკანდალებს, იმდენად არასერიოზული საკითხია, ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - თქვა ღარიბაშვილმა.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით და ჩვენებებით დასტურდება, რომ "კაკაშა" ტაქსის მძღოლს დედოფლისწყაროს ცენტრში, ათობით მოწმის თანდასწრებით გაუსწორდა.
ჩხუბი კახეთში ფულის გამო დაიწყო. ღარიბაშვილის ბიძას ტაქსის მძღოლისთვის ვალის დაბრუნება არ უნდოდა. მოთხოვნებით გადაღლილმა "კაკაშამ" კი გიორგი ბექაურის გასაჩუმებლად ჯგუფური ძალადობა დაგეგმა.