ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარი, ვიქტორ ორბანი პუტინს შეხვდა

17.10.23 13:56
ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარი, ვიქტორ ორბანი პუტინს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. 

"გვქონია მძიმე შეხვედრები, მაგრამ ისეთი რთული, როგორიც ესაა, აქამდე არ ყოფილა. ამ მძიმე სიტუაციაში ჩვენ არასდროს ვყოფილვართ. უნგრეთს არასდროს სურდა რუსეთთან დაპირისპირება, პირიქით, უნგრეთის მიზანი ყოველთვის იყო საუკეთესო კონტაქტის დამყარება და გაფართოება და ჩვენ ეს შევძელით", - თქვა ვიქტორ ორბანმა პუტინთან შეხვედრის დროს.

ორბანი ჩინეთის ლიდერს სი ძინპინსაც შეხვდა.  უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ჩინეთში „სარტყელისა და გზის ფორუმში“ მონაწილეობს.

“შეხვედრა პრეზიდენტ სისთან პეკინში. დაკავშირება გაწყვეტის ნაცვლად: ეს არის უნგრული მოდელი. ჩვენი მიზანია უნგრეთ-ჩინეთის ურთიერთობების განმტკიცება. ეს კარგია უნგრეთისთვის და კარგია ევროპის ეკონომიკისთვის“-  წერს ვიქტორ ორბანი.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. რამდენიმე დღის წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.  ორბანმა დასავლეთზე შტურმი კახეთიდან მიიტანა. ერეკლე მეფის სასახლიდან  უნგრეთის პრემიერმა ევროკავშირი გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველო დაჩაგრეს, რადგან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ღარიბაშვილის ანტიდასავლურ რიტორიკას ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერი საქართველოდან აგრძელებს.

რუსეთის მოკავშირე ორბანმა სამ დღიანი ვიზიტი ისე დაასრულა, რომ არ შეხვდება არც ოპოზიციას და არც სამოქალაქო სექტორს, არ მოინახულებს საოკუპაციო ხაზს, როგორც ამას სხვა ევროპელი ლიდერები ქვეყანაში ყოფნის დროს აკეთებენ.