იმპიჩმენტის სამარცხვინო პოლიტიკური ცირკი, კულისებში მყოფმა შეშინებულმა რეჟისორმა ივანიშვილის სახით დადგა - ბოკუჩავა
ეს სამარცხვინო პოლიტიკური ცირკი, კულისებში მყოფმა შეშინებულმა რეჟისორმა ივანიშვილის სახით დადგა სწორედ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟირების მიზნით - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, იმპიჩმენტის მთავარი მიზანია, საქართველომ კიდევ ერთხელ დაკარგოს ეს ისტორიული შესაძლებლობა.
„ის ორმოქმედებიანი პოლიტიკური ცირკი, რომელსაც ჯერ ბათუმში ადევნებდა თვალს საზოგადოება, საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო და ახლა თბილისში, ამ დარბაზში უნდა გაგრძელდეს, იქ, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, კულისებში მყოფმა შეშინებულმა რეჟისორმა ივანიშვილის სახით დადგა სწორედ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟირების მიზნით. მაშინ, როდესაც რამდენიმე კვირაა დარჩენილი კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებამდე, იმპიჩმენტად წოდებული პოლიტიკური ცირკის მთავარი მიზანი სწორედ საქართველოსთვის ამ ისტორიული შესაძლებლობის წართმევის მცდელობაა ივანიშვილის მხრიდან". - განაცხადა ბოკუჩავამ.
პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ ოფიციალური დადგენილება გამოიტანა პარლამენტში და განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მსჯელობა ხვალ სხდომათა დარბაზში ზუსტად 12 საათზე დაიწყება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად მიმართა პარლამენტს და სურვილი გამოთქვა, რომ თავადაც გამოვიდეს საპარლამენტო ტრიბუნიდან.