პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი აირჩია
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩია.
ლევან ნემსაძის შემთხვევაში კენჭისყრა ორჯერ გაიმართა. პირველ ჯერზე ტაბლოზე მხოლოდ 89 ხმა დაფიქსირდა მაშინ, როცა ასარჩევად საჭირო კვორუმი 90 ხმას შეადგენს. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგის შემდეგ „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ხელახალი კენჭისყრის საკითხი დააყენა, რადგან, მისი თქმით, „რომელიღაც პულტმა არ იმუშავა.“
ხელმეორედ კენჭისყრის შემდეგ ლევან ნემსაძე იუსტიციის საბჭოს წევრად 90 ხმით აირჩიეს.
ვინ აირჩია პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში:
გოგა კიკილაშვილი - კანდიდატი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წარადგინა. გასაუბრებაზე კიკილაშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წლიდან ადვოკატად მუშაობს, ამას გარდა, 2020 წლიდან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრია. მისივე სიტყვებით, ამ პოსტიდან გამომდინარე, სრულად ჩართულია ყველა იმ პროცესსა და რეფორმაში, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ტარდება.
გოგა კიკილაშვილის თქმით, მისი პროფესიული კარიერა მინიმუმ 10 წელს ითვლის და იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი სამმართველოს მრჩევლის პოზიციაზე მუშაობით დაიწყო.
კანდიდატმა გასაუბრების დროს პოზიტიურად შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოწყობისა და დაკომპლექტების წესი და აღნიშნა, რომ 2012 წლამდე არსებული მოდელი პოლიტიკური აქტორებით იყო გაჯერებული, რაც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საფრთხეს ქმნიდა.
ლევან ნემსაძე - სამართლის დარგის სპეციალისტი იგი "სამოქალაქო განვითარების საზოგადოებამ" და "თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაციამ" წარადგინა.
ნემსაძემ პრეზენტაციის დროს თქვა, რომ სასამართლო სისტემაში მუშაობა 2008 წლიდან, მცხეთის სასამართლოში, მანდატურის პოსტზე დაიწყო, შემდეგ დაწინაურდა და სამსახურის უფროსი გახდა. 2011 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადავიდა, სადაც ჯერ კანცელარიის განყოფილებაში სექტორის უფროსად, შემდეგ კი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბიუროს უფროსად მუშაობდა. 2015-22 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი იყო, სადაც თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტში ხარისხის მართვის სამმართველოს და სამოსამართლეო ეთიკის დეპარტამენტში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო.
“მე ვფიქრობ, მოსამართლეები დღეს დამოუკიდებლები არიან", - თქვა კანდიდატმა გასაუბრებაზე და დაამატა, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაა.