არ გრცხვენიათ, თქვენს შვილს აბანოს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქესთან ერთად? - სამადაშვილი თავდაცვის მინისტრს
"მაინტერესებს, თქვენ, როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ქვეყნის, რომელიც 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ, არ გრცხვენიათ, რომ თქვენს შვილს აქვს ბიზნესი რუსეთის მოქალაქესთან ერთად და რუსულ აბანოებს აშენებს ჩვენს ქვეყანაში? უკეთესი ბიზნესი ვერ იშოვა თქვენმა შვილმა? - ამ კითხვით მიმართა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა თავდაცვის მინისტრს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში იმყოფება.
სალომე სამადაშვილის თქმით, გარდა ამისა, ჯუანშერ ბურჭულაძის დედამ კიკეთში უზარმაზარი მიწები 95 ლარად მიითვისა"
მაინტერესებს ასევე განგვიმარტოთ, ღარიბაშვილის მამა რომ არის დაჯილდოებული განსაკუთრებული ნიჭით გავიგეთ, მაგრამ დედათქვენიც ყოფილა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული, კომერციას ვგულისხმობ, იმიტომ, რომ მოახერხა და კიკეთში მიითვისეთ უზარმაზარი მიწები 95 ლარად კვადრატული მეტრი. მაინტერესეს, რომ გაგვიზიაროთ ეს კომერციული ნიჭი, რომელიც თქვენ ოჯახს აქვს" მიმართა სამადაშვილმა ბურჭულაძეს.
ბურჭულაძეების რუსული აბანოების თემაზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჩაატარა. ირკვევა, რომ რუსულ აბანოებს თბილისიდან 20 კილომეტრში, სოფელ მუხათწყაროში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოჯახი აშენებს - ეს ჯუანშერ ბურჭულაძის შვილის, 23 წლის დათუჩა ბურჭულაძის ბიზნესია. როდესაც პროექტი დაიწყო ბურჭულაძე 19 წლის იყო, ეს კი ბადებს განცდას, რომ რუსული აბანოების ბიზნესი სავარაუდოდ, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ეკუთვნის და შვილის სახელზე გააფორმა.
მშენებლობა უკვე დასრულდა, აქ იქნება დასასვენებელი სივრცე, ცხელი და ცივი წყლის აუზები ღია ცის ქვეშ, ტერასები და ტყეში ჩაფლული 6 რუსული საუნა.
მუხათწყაროს რუსული აბანოები, კომპანია "კოლხეთს" ეკუთვნის, კოლხეთის 49%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის უფროსი ვაჟი, დათუჩა ბურჭულაძეა.