როგორ დავუჭერდი მხარს? წამოვედი, ბარათს როგორ დავტოვებდი - დილარ ხაბულიანი ბრალდებებს უარყოფს
რომელი ოპოზიციონერი დეპუტატი გაურიგდა „ქართულ ოცნებას“ და რომელმა დაუჭირა მხარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევას. ეჭვმიტანილთა შორის დეპუტატები - დილარ ხაბულიანი და როსტომ ჩხეიძე არიან.
დილარ ხაბულიანი „პირველებთან“ სატელეფონო საუბარში უარყოფს, რომ მან მხარი დაუჭირა ახალი წევრების არჩევას. ამბობს, რომ საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია დღეს თუ გადიოდა საბჭოს წევრების არჩევა კენჭისყრაზე.
ხაბულიანი ვარაუდობს, რომ ჭორი, ვითომ ხმა მან მისცა რომელიმე კანდიდატს, სწორედ იმ დეპუტატმა გაუვრცელა, ვინც რეალურად მხარი დაუჭირა ახალი წევრების არჩევას.
მე როგორ დავუჭერდი მხარს, არც ვიცოდი დღის წესრიგში თუ იყო, მე წამოვედი. ბარათს როგორ დავტოვებდი. პარლამენტში პარლამენტის წევრი არ უნდა მოვსულიყავი? საზღვარგარეთ ვიყავი, ჩამოვედი და მოვედი პარლამენტში. ის გაავრცელებდა, რომ ბარათი დავტოვე, ვინც ხმა მისცა,“ - ამბობს დილარ ხაბულიანი.
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩია.
მდინარაძე ადასტურებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაზე ოპოზიციონერებს მოელაპარაკა. თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ დეპუტატებთან გარიგდნენ.