ჩემთვისაც ლაჩრულია ომში მთავარსარდალი რომ გარბის, ამხელა, 2-მეტრიანი კაცი - თავდაცვის მინისტრი
"პრემიერმა ლაჩრობა უწოდა არა სახელმწიფოს ქმედებას, არამედ კონკრეტული პირების ქმედებას. ჩემთვისაც ლაჩრულია ომში მთავარსარდალი რომ გარბის. ამხელა კაცი, 2 მეტრიანი... აბა, არ არის ეს ლაჩრობა?" - ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ასეთი შეფასებით უპასუხა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას დასმულ კითხვას.
თქვენ გაიქცეოდით? არ გაიქცეოდით. ჩემი შვილები 2008 წელს 8 წლის და 6 წლის იყვნენ. ორივეს შერცხვა ჩვენი მთავარსარდლის საქციელის“, - მიმართა მინისტრმა ბოკუჩავას.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინაში ომის დაწყება ნატოსთვის არასდროს დაუბრალებია.
ქალბატონო თინათინ, ჩვენს პრემიერს ნატოსთვის ომის დაწყება არასდროს დაუბრალებია და ის, რომ ნატოს გაფართოების წინააღმდეგია რუსეთი, ამას არასდროს მალავს. თუ ეს აღნიშნა [პრემიერმა], ეს აღნიშნული აქვს უამრავი ქვეყნის ლიდერს. არასდროს უთქვამს, რომ ნატოს ბრალია, რომ უკრაინაში ომი დაიწყო. რა თქმა უნდა, არც ჩვენ ვამბობთ ამას“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
მინისტრმა ბოკუჩავას მიერ ლიბერალიზმისა და კონსერვატიულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „არ შეიძლება, ჩვენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიმართ ლიბერალურები ვიყოთ“.