მელიას აქვს კონკრეტული შეთავაზებები, მომლაპარაკებლები უგულავა-ნაყოფია არიან - ხაბეიშვილი
რას სთავაზობს ენმ ნიკა მელიას და გარიცხავენ თუ არა პარტიიდან ყოფილ თავმჯდომარეს - ენმ-ის ახალი თავმჯდომარე ამბობს, რომ გარიცხვაზე საუბარი არ არის. ამ ეტაპზე, ხაბეიშვილის თქმით, ნიკა მელიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მომლაპარაკებლები კი გიგი უგულავა და კობა ნაყოფია არიან.
ხაბეიშვილის შეფასებით, მელია დაშორდა პარტიას, მოლაპარაკებების კონკრეტულ წინადადებებზე კი მელიამ უარი თქვა.
აქვს თუ არა ნიკა მელიას ნაციონალური კომიტეტის ხელმძღვანელ თანამდებობაზე შეთავაზება? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან ენმ-ის თავმჯდომარე თავს იკავებს.
ნიკა მელია დაშორდა პარტიას, გაემიჯნა ენმ-ის. დღესაც მოსალაპარაკებელ მაგიდაზე უდევს კონკრეტული შეთავაზებები... ამ მოლაპარაკებებში ჩართული იყო და არის გიგი უგულავა და კობა ნაყოფია, ეს ადამიანები არიან მთავარი მედიატორები, რომ მოხდეს ნიკასთან თანამშრომლობის აწყობა ისე, როგორც პირობითად მათ წარმოუდგენიათ.
მათ აქვთ სრული მხარდაჭერა პარტიიდან, რომ მათ ეს მოლაპარაკებები აწარმოონ, რომ ერთად ვიბრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ჩემი მხრიდან არ არსებობს ნაბიჯი, რომელიც არ გადამიდგამს, მათ შორის, თუ საჭიროა პირად შეხვედრასთან დაკავშირებითაც.
უარები მისი მხრიდან და მერე მჭახე განცხადებებიც მოგვისმენია მისი მხრიდან... ეს შეთავაზებები მას აქვს, თუ სურს ნიკას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, მგონია, რომ მას ეს შეუძლია გააკეთოს. ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, არის მოლაპარაკება, არიან ადამიანები, ვინც ჩართულები არიან, მზად ვართ, გახსნილები ვართ, მნიშვნელოვანია ჩვენთვის ერთობა, ოღონდ ეს ვერ გაგრძელდება უსასრულოდ, ამას კონკრეტული დასასრული ექნება, შესაძლოა, ნიკამ დასვას ეს წერტილი," - ამბობს ხაბეიშვილი.