ზურაბიშვილი 2 დღეა გვევაჭრება, მეზობლებიც უნდოდა მოეწვია სხდომაზე - ზარქუა
ერთ საათში საქართველოს ისტორიაში პირველად, პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს - "ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს ევაჭრება და ისტორიულ სხდომაზე სტაფის, დიპლომატების და მეზობლების მოწვევა სურს.
ზარქუა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში შოუს დადგმას აპირებს.
ქალბატონმა პრეზიდენტმა ვერ გაიაზრა, ვერ გაითვალისწინა, 2 დღეა გვევაჭრება, ჯერ 21 კაციანი სია გადმოაგზავნა სტაფის, შემდეგ დიპლომატებიც უნდოდა მოეწვია, მეგობრები, მეზობლები. ვერ გაიაზრა, რომ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის პრეზიდენტის სასახლე. იქ შეუძლია ვინც უნდა ის მოიწვიოს. 2 დღეა გვევაჭრება, უნდა რაღაც სტუმრები და შოუ დადგას, ოპოზიციას მიმართა გარეთ დამელოდეთო, ეს სასწაულია, საგიჟეთში ვცხოვრობთ რაა. პარლამენტში უნდა ადვოკატებით მოვიდეს კაცო, ამ შოუში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, ერთ-ერთი საკითხია სადაც კიდევ ერთხელ აეხსნება ქალბატონ პრეზიდენტს მისი მოვალეობები, უფლება-მოსილებები, რა სტატუსი აქვს კიდევ ერთხელ შევეცდებით რომ განვუმარტოთ და ავუხსნათ, თუ გაიგებს გაიგებს, თუ არადა ეს არის", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
გადამწყვეტის დღე პრეზიდენტისთვის - ერთ საათში საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს. საკანონმდებლო ორგანოში ისტორიული სხდომის წინ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა. შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ სპეციალური საშვებით არის შესაძლებელი -გაძლიერებულია დაცვაც.
"ქართულმა ოცნებამ" სხდომაზე დასწრების უფლება არც დიპლომატებს და არც პრეზიდენტის წარმომადგენლებს არ მისცა, ამიტომ მმართველი გუნდის პირისპირ დარბაზში სალომე ზურაბიშვილი მარტო იქნება. სხდომაზე შესვლას არ აპირებს არც ოპოზიციის დიდი ნაწილი. დღის ბოლომდე კი უნდა გაირკვეს დასრულდება თუ არა სალომე ზურაბიშვილის 5 წლიანი პრეზიდენტობა, რომელიც "ქართული ოცნებისთვის ცოტახნის წინ პრინციპული არჩევანი იყო.