ბილბორდებზე ჩაგენაცვლნენ ადამიანები, ვისაც პატარა კაცები უწოდეთ, არავის უნდოდით პრეზიდენტად - კობახიძე
საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად არავის უნდოდა, თუმცა იმ ადამიანებმა, რომლებსაც ზურაბიშვილმა "პატარა კაცები" უწოდა, მისი გაპრეზიდენტება უზრუნველყვეს.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი კოლექტიური "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელია, რომელმაც საკუთარ ხალხსა და ღირსებას არაერთხელ უღალატა.
სალომე ზურაბიშვილი კოლექტიურ ნაცმოძრაობაშია. ეს არის ამ არათანმიმდევრულობის მიზეზი. თქვენ პატარა კაცები უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს, ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე ადამიანები, რადგან არავის არ უნდოდით პრეზიდენტად არც პირველ ტურში და არც მეორეში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პრეზიდენტი გამხდარიყავით, პატივი ვეცით თქვენი წინაპრების წარსულსა და სხვადასხვა გარემოებას. დღეს სადაც ხართ კი ვხედავთ.
ხალხმა აგირჩიათ იმის გამო, რომ მათ ნაციონალი პრეზიდენტი არ უნდოდათ, თორემ პიროვნულად შესაძლოა, არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის. დღეს კი თქვენ ხართ ნაცმოძრაობაში. ხალხმა აგირჩიათ იმის გამო, რომ ეშინოდათ ნაციონალების კრიმინალების შეწყალების, თქვენ სულ ცოტა ხნის წინ შეიწყალეთ ნაციონალი კრიმინალისტი. რის გამოც თქვენ ხალხმა აგირჩიათ, თქვენ ამ ღირსებებს უღალატეთ. ელემენტარული ღირსება რომ გააჩნდეს პრეზიდენტს, ის თავად გადაგდებოდა თანამდებობიდან - განაცხადა კობახიძემ.