ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი რამ უნდა შემაშინოს, ამის იმედი ნუ გექნებათ - ზურაბიშვილი "ოცნებას"
სალომე ზურაბიშვილის პასუხი ირაკლი კობახიძის ღია მუქარას - "ვერ შემაშინებთ!"- უთხრა პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს.
მე დღეს მახსენდება დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად, მან ამ ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა - თქვა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ვერავინ აიძულებს ქვეყანა დატოვოს:
მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო, ამის იმედი ნუ გექნებათ ვინ უნდა შემიშალოს ხელი, რომ ჩემი დადებული პირობა არ შევასრულო?
ისე, როგორც თავის დროზე, გავიყვანე ამ ქვეყნიდან რუსული ბაზები და სხვათა შორის, მომიწყეს ასევე სასამართლო, ახლაც ვიქნები ჩემი სიტყვისა და ფიცის ერთგული და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ბოლომდე ვუერთგულებ ევროპისკენ მიმავალ გზაზე!" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს პარლამენტის სხდომათა დარბაზშივე დაემუქრა:
სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შეიძლება უკვე იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს - თქვა "ოცნების" თავმჯდომარემ.