ზურაბიშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” ერთი ქოლგის ქვეშ არიან - კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” ერთი ქოლგის ქვეშ არიან და ერთ თამაშს თამაშობენ.
მისივე თქმით, საერთოდ არ აინტერესებს, სალომე ზურაბიშვილი რა განცხადებას გააკეთებს.
რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ აღნიშნული საკითხის ბოლომდე მიყვანა დღევანდელ მოცემულობაში შეუძლებელი იყო და ზუსტად ეს იყო მოტივი, მე ასე ვფიქრობ და მგონია. როდესაც პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას ეს ხომ შემთხვევით არ მომხდარა, მას გააზრებული ჰქონდა ძალიან კარგად, მიმართვა გაუგზავნა მთავრობას გამგზავრებასთან დაკავშირებით მიეღო თანხმობა, მას მოუვიდა არადამაკმაყოფილებელი პასუხი - უარი და ის მაინც წავიდა, ანუ დაარღვია კონსტიტუცია. მოტივი იყო ერთი, რომ ძალიან კარგად იცოდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ ყველაფერს მხარს არ დაუჭერდა, იმიტომ, რომ დღეს ისინი ერთი ქოლგის ქვეშ არიან და ერთ თამაშს თამაშობენ. თავიდანვე ვთქვით, ირაკლი კობახიძემ ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომ შეუძლებელი იყო იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა.
აბსოლუტურად გაუგებარი და ფიზიკურად შეუძლებელია გავაიგივოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან. ნებისმიერი აქ მყოფი ადამიანი გეტყვის, რომ ეს კონსტიტუციის დარღვევა იყო. ჩვეულებრივად პირდაპირ, თეთრზე შავით წერია, რომ პრეზიდენტი ვალდებულია აიღოს ნებართვა უცხოეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით მთავრობისგან, პირდაპირ წერია და როდესაც შენ ამას არღვევ ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. ამის პარალელის გავლება ქვეყნის ევროპულ მომავალთან, მარტივად და ელემენტარულად, რომ ვთქვა არის ძალიან სასაცილო და სიმართლეს ნამდვილად არ შეეფერება.
გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ მაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი რა განცხადებას გააკეთებს. სხვა უფრო მნიშვნელოვანი თემებია დღეს საქართველოში, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი რას იტყვის ან რა განცხადებას გააკეთებს. ჩემთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ის, რომ ტერიტორიები არის ოკუპირებული, ეს არის ყველაზე მთავარი და ამომავალი და მერე სხვა ყველაფერი დანარჩენი”, - განაცხადა კალაძემ.