ან გააკეთებთ გასაკეთებელს ან თქვენსა და ფარცხალაძეს შორის ტოლობის ნიშანი ისმევა - ნაცვლიშვილი "ოცნებას"
"ან გააკეთებთ გასაკეთებელს ან თქვენსა და ფარცხალაძეს შორის ტოლობის ნიშანი ისმევა!" - ასე მიმართა "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს პლენარულ სხდომაზე "ქართულ ოცნებას".
ანა ნაცვლიშვილმა მმართველ გუნდს უთხრა, რომ ისინი იმპიჩმენტის პროცესით რუსეთს გზას უხსნიან, რომელსაც "ლელო" მხარს არ დაუჭერს.
გუშინ, აქ იყო თავდაცვის მინისტრი, ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. რა ჰქონდა მას სათქმელი ქართველი ჯარისთვის? თურმე ის, რომ მტერი შეიძლება ხვალ მოყვარე გახდეს - ოკუპანტს ოკუპანტი უნდა დაარქვა! ეს მისი ვალდებულებაა. მინისტრისგან განსხვავებით, ჯარმა კარგად იცის, ვინ არის ამ ქვეყნის პირველი მტერი. როგორც ჩანს, არც ამ კაცმა და არც თქვენ არ იცით ისტორია, რომ 200 წელია ვერ გახდა ეს მტერი ამ ქვეყნის მოყვარე, ეს არ არის მისი მიზანი. იმის მაგივრად, რომ ეს ქვეყანა მეგობრებით და პარტნიორებით გაგეძლიერებინათ, რუსეთის მხარეს ხართ გადასული. სხვა ახსნა არ აქვს, თუ რატომ ხართ გადაფარებული მთელი თვეა რუსეთის ჯაშუშს, ხმას არ იღებთ ფარცხალაძის საქმეზე. დაგვიანებით, მაგრამ კარგია, რომ პრეზიდენტმა მოქალაქეობა შეუწყვიტა.
დროა, მიბაძოთ ქალბატონო თურნავა და გააუქმოთ თქვენი არაკონსტიტუციური, რუსული ბრძანება, რითაც ძალიან მძიმე დარტყმას აყენებთ საქართველოს ფინანსურ სისტემას. ამ დარტყმას მოქალაქეები ვიხდით საკუთარი ჯიბეებიდან. 150 მილიონი ლარი გახდა საჭირო იმისთვის, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოთ, კიდევ რამდენი მილიონი უნდა გადაიხადონ საქართველოს მოქალაქეებმა ფარცხალაძის გადასარჩენად, რამდენი მილიონია კიდევ საჭირო? ან გააკეთებთ გასაკეთებელს, ან ერთადერთი ამბავია, თქვენსა და ფარცხალაძეს შორის ტოლობის ნიშანი ისმევა. ვიცი, რომ არ გსიამოვნებთ ამ სიმართლის მოსმენა, მაგრამ სანამ ამ ტრიბუნასთან ვარ, ზუსტად ამას გეტყვით, სხვას არ იმსახურებთ! თქვენ რუსეთს ემსახურებით, ჩვენ - ამ ქვეყანას. ამ იმპიჩმენტს, რუსეთის გზით სიარულს "ლელო" მხარს არ დაუჭერს. მოგიწევთ, უკან წაიღოთ ყველა ეს ნაბიჯი, ამავე დროს ძალიან მძიმე ფასს გადაიხდით. ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური ფასი, უფრო მძიმე ფასის გადახდა მოგიწევთ", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.