პრეზიდენტს ზრდილობა პირად შეხვედრებშიც არ ახასიათებს - კობახიძე ისევ ზურაბიშვილს ლანძღავს
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს ისევ ლანძღავს. ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს ზრდილობა დაუწუნა და თქვა, რომ "სალომე ზურაბიშვილს ზრდილობა პირად შეხვედრებშიც არ ახასიათებს".
მე მცირე გადახვევის სახით ერთი ისტორია მინდა გავიხსენო, ბატონ შალვა პაპუაშვილთან ერთად ვიყავი სტუმრად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, თვითონ ითხოვა შეხვედრა, ეს იყო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ალბათ, 27-28 თებერვალი იქნებოდა, რუსეთ-უკრაინის ომი იყო რამდენიმე დღის დაწყებული და ეს შეხვედრა ასე დაიწყო - რა გინდათო? ეგ ზრდილობა მაინცდამაინც პირად შეხვედრებზეც არ ახასიათებს ქალბატონ სალომეს და ნუ, ჩვენ ხუმრობით ვუპასუხეთ, ჩვენ რა გვინდა, თქვენ რა გინდათ თქო, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა თქო და შემდეგი წინადადება იყო მისი გამაოგნებელი - აგერ, ზელენსკი მსოფლიო გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო?, აი რა იყო ქალბატონი ზურაბიშვილის დამოკიდებულება და როდესაც ჩვენ მას ვუკავშირებთ კონკრეტულ ძალებს, ეს ხომ შემთხვევითი არ არის, იქიდან მოყოლებული, სალომე ზურაბიშვილი არის იქ, სადაც არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ნუ, მერე როგორ გაგრძელდა ჩვენი საუბარი, დეტალებში აღარ შევალ, მაგრამ კიდევ შეგიძლიათ იმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, საითკენ ცდილობდა ჩვენი ნაბიჯების მიმართვას სალომე ზურაბიშვილი"- თქვა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის კონსტიტუციურ ორგანოებთან დაპირისპირება, მისი თანამდებობიდან გადაყენების საფუძველს იძლევა.
სალომე ზურაბიშვილი სხდომათა დარბაზში გაცდა ზრდილობის ფარგლებს, ამას ისმენდა აუდიტორია, საზოგადოება. განსაკუთრებით გამაოგნებელი იყო მისი სპეკულაციური განცხადებები, რომელიც ბავშვებს უკავშირდებოდა. ამ სიტყვების ავტორი რომელიც ანა ნაცვლიშვილის დონემდე დავიდა, როგორ შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტი. ის არის დაპირისპირებული უკლებლივ ყველა კონსტიტუციურ ორგანოსთან. ასეთი ადამიანი როგორ შეიძლება პრეზიდენტად იწოდებოდეს - აღნიშნა კობახიძემ.