იმპიჩმენტი ვერ შედგა - "ოცნება" "მოღალატეებს" ეძებს

18.10.23 16:47
იმპიჩმენტი ვერ შედგა -  "ოცნება" "მოღალატეებს" ეძებს

პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა - კობახიძის გუნდმა სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება ვერ შეძლო. მმართველი პარტია 3 "მოღალატე" დეპუტატს ეძებს. 

იმპიჩმენტი რამდენიმე წუთის წინ ჩავარდა, რადგან "ქართულმა ოცნებამ" საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა - ზურაბიშვილის გადაყენებას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. იმპიჩმენტის წინააღმდეგი პარლამენტის 1 წევრი იყო.

კენჭისყრის შედეგების შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე რჩება.

"პირველების" ინფორმაციით, იმპიჩმენტის პროცესს არ ესწრებოდნენ - დავით სერგეენკო, თენგიზ შარმანაშვილი (ქართული ოცნება)  და დავით ზილფიმიანი (ევროპელი სოციალისტები)  არ ესწრებოდნენ. 

აღსანიშნავია,  თენგიზ შარმანაშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში იღებდა მონაწილეობას. 

პარლამენტში იმყოფებოდა თავად ზურაბიშვილიც.

საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი იმპიჩმენტის განხილვას არ ესწრებოდა. მათ არც კენჭისყრაში მიუღიათ მონაწილეობა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად 16 ოქტომბერს ცნო. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ -  ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი "ქართულმა ოცნებამ" 1-ელ სექტემბერს დაიწყო. მიზეზი კი ევროპული კურსის მხარდასაჭერად, პრეზიდენტის ევროპული ტურნე გახდა. ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად ბრიუსელში, საფრანგეთსა და გერმანიაში მაინც გაემგზავრა და შარლ მიშელს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა და ემანუელ მაკრონს შეხვდა და კანდიდატის სტატუსზე, საქართველოს მხარდაჭერა სთხოვა.

მსგავსი სიახლეები